Wednesday, October 21, 2009

TV-25-ის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა



”თავისუფლება სიტყვას” - ამ ლოზუნგით დღეს საქართველოს პარლამენტის წინ რეგიონალური ტელევიზიის ”TV-25”-ის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. შეკრება საქართველოს რეგიონალური მედიის ასოცოაციის ინიციატივით ჩატარდა.

რეგიონალურ ტელეკომპანიას დახურვა ემუქრება იმის გამო, რომ საგადასახადოს ვალი აქვს, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაშიც კანონი უფლებას ანიჭებს სახელმწიფოს ტელეკომპანიის ქონება აუქციონზე გაიტანოს. ტელეარხს დავალიანება ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაედო. მაშინ არხი სოსო გოგიტიძის მფლობელობაში იყო. საქმე რამდენიმე წლის მანძილზე სასამართლოში განიხილებოდა. 9 ოქტომბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ”TV-25”-ს 277 547 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დაეკისრა.

ტელეარხის ჟურნალისტი ლიზი თედორაძე აღნიშნავს, რომ ძველი დავალიანება უნდა ჩამოეჭრას და ახალი ვალის რესტრუქტურიზაცია მოხდეს: ”ვაპირებთ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას. საქმე შეიძლება სტრასბურგშიც წავიღოთ. ჩემი და ტელევიზიის მოთხოვნა არის ის, რომ გადასახდელი თანხის რაოდენობა ხელმეორედ შემოწმდეს”.

მხარდასაჭერ აქციას ჟურნალისტი ზვიად ქორიძეს შეუერთდა, რომელიც აღნიშნავს, რომ ”ტელეარხი 25 მართლაც დასაცავია. მათ ძალიან დიდი პრობლემა შეექმნათ და ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს ამის შესახებ, რადგანაც არხი იხურება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ირღვევა”.

აქციას ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მანანა ნაჭყებია აღნიშნავს: ”მიმაჩნია, რომ ”TV-25” პრობლემა არის ხელოვნურად შექმნილი. როდესაც ”რუსთავი 2” ანალიოგიურ სიტუაციაში იყო, ხელისუფლებამ დავალიანების გადახდის გადავადების საშუალება მისცა. იგივე უნდა გაკეთდეს სხვა ტელეკომპანიებთან მიმართებაშიც”.

ტელეარხ 25-ის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ ”მაესტრო”-ს ხელმძღვანელი მამუკა ღლონტიც იყო. ”საქართველოში თავისუფალი სიტყვა იზღუდება, ამიტომაც ჩვენ ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ. როგორ შეიძლება ”რუსთავი 2”-ის და ”იმედი”-ს ფონზე სახელმწიფო რაიმე გადასახადებზე საუბრობდეს?! ეს ხომ დიდი უნომუსობაა...” - აღნიშნავს მამუკა ღლონტი.

ტელეარხ 25-ს სოლიდარობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალი პროფკავშირების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს.

No comments:

Post a Comment