Monday, October 5, 2009

რატომ არ გააშუქეს პედაგოგთა აქცია?!

5 ოქტომბრის ერთ–ერთ დღის თემას მასწავლებელთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით გავეცანი რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებას.
ამ დღეს პედაგოგთა პროფკავშირმა პარლამენტის წინ აქცია გამართა და გააპროტესტა ხელისუფების მხრიდან უყურადღებობა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ირღვევა მასწავლებელთა უფლებები საქართველოში, მათი სახელფასო განაკვეთები შეადგენს მცირე თანხას, რა დაპირებებიც მათ ხელისუფლებიდან მიიღეს, ჯერ არცერთი არ შესრულებულა. „პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის მანანა ღურჭუმელაძის განცხადებით საქართველოს სკოლების 60 პროცენტს ვაუჩერით განსაზღვრული თანხა არ ყოფნის“, – აქვეყნებს საინფორმაციო სააგენტო ‘ინტერპრესნიუსი“.
ამის პარალელურად საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის რეზიდენციაში ქვეყნის დამსახურებული და ყველაზე დიდსტაჟიანი მასწავლებლები მიიწვია და შეხვედრა გამართა. შეხვედრას განათლების მინისტრიც ესწრებოდა. ისაუბრეს სხვადასხვა პრობლემებზე, განიხილეს განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. პრეზიდენტმა პედაგოგები ღირსების ორდენით დააჯილდოვა და სადილზე დაპატიჟა.
ეს ამბავი ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი2“-მა თითქმის ერთნაირად გააშუქეს. მათ მხლოდ ის აჩვენეს, თუ როგორ შეხვდა პრეზიდენტი მასწავლებლებს და ერთ–ერთმა ყველაზე ხანშისესულმა პედაგოგმა როგორ გამოხატა ნდობა და სიყვარული სააკაშვილის მიმართ. იმაზე თუ რას ითხოვდნენ პარლამენტის წინ მდგომი პედაგოგები საერთოდ არ იყო ნახსენები საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში – „ქრონიკასა“ და „კურიერში“.
ტელეკომპანია „კავკასიამ“ კი შეხვედრასთან ერთად გააშუქა ისიც, თუ რა მოთხოვნებით იდგნენ აქციაზე პედაგოგები და პედაგოგთა პროფკავშირი. შემდეგ კი ამას პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარიც მოყვა, რომელმაც „ბრძანება გასცა“ პედაგოგთა მიერ მოთხოვნილი კანონპროექტი პარლამენტში დროულად განეხილათ.
თუ პროფესიონალური თვალით შევხედავთ, მივხვდებით, რომ პედაგოგთა მიერ მოწყობილი აქცია დღის ერთ-ერთ მთავარ ახალ ამბავს წარმოადგენდა, მაგრამ ორმა ყველზე დიდმა ქართულმა ტელეარხმა რატომღაც ამას ერთი წუთიც კი არ დაუთმო. რატომღაც კი არა ყველამ ვიცით, რატომაც არა. ეს სამწუხარო ფაქტია!

No comments:

Post a Comment