მშრალ ხიდთან არსებულ დედაენის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახანს დასრულდა. დადგეს ახალი სკამები, დააყენეს ორიგინალური განათება. ახლა ის შედარებით უფრო სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურება. ამიტომაც იგი ახალგაზრდებისათვის თავშეყრის ერთ-ერთ ადგილად იქცა. ამ ბაღს ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. სწორედ ამ ადგილას იცავდნენ ქართველები მშობლიურ ენას დაახლოებით 30 წლის წინ. ამიტომაც დგას აქ დედაენის ძეგლი.
აქ მოსული ბავშვები და საერთოდ, ახალგაზდები გართობისთვის მოდიან. დედაენის ბაღში ”სკეიტბორდებისა” და ”როლიკების” სარბენი ბილიკებია გაკეთებული. ასევე, ხელოვნურ საცოცავ კედელსაც შენიშნავთ. საღამოობით განსაკუთრებით შეიმჩნევა ხალხის სიმრავლე. აი, როცა დაღამდება თითქმის ყველა სკამი შეყვარებული წყვილების მიერაა დაკავებული.
ეს ბაღი მტკვრის ნაპირზე მდებარეობს, ამიტომ ახალგაზრდების გარდა მოყვარული მეთევზეებიც მრავლად არიან. ჩამწკრივებულები ანკესებით ხელში საათობით ელოდებიან, თუ როდის წამოეგება მათ ანკესს თევზი. თან სხვადასხვა თემებზე საუბრობენ ხოლმე, ეტყობათ ერთმანეთი ამ ბაღში გაიცნეს.
”აქ ხშირად მოვდივართ. ასე ვთქვათ, თავს ვირთობთ ჩვენი საყვარელი საქმიანობის კეთებით. ხანდახან არის პერიოდი საერთოდ ვერ ვიჭერთ თევზს. ზოგჯერ კი სახლში კმაყოფილები მივდივართ”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მეთევზემ.
მიუხედავად ბაღის განახლებისა, მისი ისტორიული ხასიათი მაინც იგრძნობა, რადგანაც დედაენის ძეგლი ზუსტად შესასვლელში დგას.
No comments:
Post a Comment