Tuesday, October 20, 2009

”ქართველთა ერთობის ტრაქტატს” ბესელიაც უერთდება


დღეს სამების საკათედრო ტაძარში პოლიტიკური პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა, ეკა ბესელიამ ”ქართველთა ერთობის ტრაქტატს” ხელი მოაწერა.
ტრაქტატი 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. მას პირველად თვით ილია მეორემ მოაწერა ხელი. როგორც მასში წერია, საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებნი და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფნი ხელმოწერით აღუთქვამენ საქართველოს ერთგულებას და თანადგომას, რომ დაიცავენ ქვეყნის მიწა-წყალს და მის ღირსებას. ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველ ერს მოუწოდა ”ქართველთა ერთობის ტრაქტატისთვის” ხელი მოეწერათ. მსგავსი ”ივერიელთა ერთობის ტრაქტატი” თავდაპირველად 1790 წელს შეიქმნა.
ეკა ბესელიამ ტრაქტატზე ხელის მოწერის შემდეგ აღნიშნა: ”ამ ფიცით ჩვენ კიდევ ერთხელ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ერის მიწა-წყალს, თავისუფლებას და ღირსებას დავიცავთ და ვიბრძოლებთ მისთვის. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ყველას უნდა აერთიანებდეს პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად. ვფიქრობ, პატრიარქის ეს ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და დროული ნაბიჯია სამოქალაქო და ეროვნული თვალსაზრით”.
”ქართველთა ერთობის ტრაქტატს” სამების საკათერდო ტაძარში მისული მრევლიც აწერდა ხელს. ”ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს სიტყვები - გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ისევე როგორც ჩვენს წინაპრებს უყვარდათ. ქართველისთვის უპირველესი მოვალეობაა ქვეყნის ერთიანობისა და ღირსების დაცვა. ამიტომ ერი და ბერი ამ იდეის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული” - აღნიშნა ვალერი ტეტუნაშვილმა.
თუმცა, ამ ტრაქტატზე ხელის მოწერას ბევრი შეეწინააღმდეგა. მათი აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურია: ”ჩემთვის ამ ტრაქტატზე ხელის მოწერა მიუღებელია და არც მოვაწერ. ქვეყნის აშენება სიმბოლოებით კი არა, რეალური საქმით უნდა შევძლოთ. ჩემი მონაწილეობა ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებასა და განვითარებაში გამოიხატება იმით, რომ ვაკეთებ ჩემს საქმეს. ამ ტრაქტატის შექმნა და მერე მასზე ხელის მოწერა დანაშაულად ნამდვილად არ მიმაჩნია. ”, - თქვა მოქალაქე თამაზ კუპრეიშვილმა.

No comments:

Post a Comment