Thursday, October 22, 2009

ქართველი ინტელიგენცია პატრიარქის გვერდით


დღეს რესტორან ”ჯაზუში” ქართველმა მსახიობებმა და მომღერლებმა შეკრება გამართეს ლოზუნგით - ”პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეშია”.

ბოლო დროს აქტუალური თემა თავისუფლების ინსტიტუტის წევრის , თეა თუთბერიძის მიერ ერთ-ერთ სოციალური ქსელში Facebook-ში გავრცელებული პარტიარქის წინააღმდეგ აგორებული კამპანია გახდა. ამაზე პროტესტი ბევრმა გამოთქვა. მათ შორის, ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებმაც. მათი დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა. შეკრებას გურანდა გაბუნია, რეზო ესაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნინელი ჭანკვეტაძე და სხვვები ესწრებოდნენ.


”ეს პირველი შემთხვევა არ არის. ასეთი რაღაცა ადრეც მომხდარა. უბრალოდ თეა თუთბერიძე გახადეს სალაპარაკო. მე ეჭვი მეპარება, რომ ეს კამპანია ხელისუფლების მხრიდან მოდის. ალბათ, ეს ეშმაკის გამოცდა უფროა”,- აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.

რეჟისორი რეზო ესაძის თქმით, ჩვენი სულიერი სიწმინდე შეურაცხყოფილია, რომლისთვისაც საქართველო საუკენების მანძილზე იბრძოდა: ”ამ ხალხს მართლმადიდებლური სარწმუნოების შერყევა უნდათ, მაგრამ მათ უნდა შევუნდოთ.ოღონდ ისე კი არა, რომ გავათავხედოთ, არამედ ისე, რომ მეორეჯერ ვეღარ გაბედონ ასეთი რაღაცის გაკეთება”.

მსახიობმა გურანდა გაბუნიამაც თავისი გულისტკივილი გამოხატა: ”გული მწყდება, რომ ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს ტკივილი მიაყენეს. ვინ არის თეა თუთბერიძე არც ვიცნობ და არც მაინტერესებს, უბრალოდ ვიცი, რომ ვინც ასეთ რაღაცას აკეთებს, ღმერთი აუცილებლად გადაუხდის სამაგიეროს.”

მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ შეხვედრაზე გასაშუქებლად მისულ Real-TV-ის ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა და განაცხადა: ”ისეთ ტელევიზიას არ მივცემ ინტერვიუს, რომელიც გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე გურამ დოდნაძისაა. აქ იმიტომ მოვედი, რომ ვფიქრობ, პატრიარქის წინააღმდეგ შეურაცხყობის პროტესტი ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა. მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რომ საზოგადოებას თუ ვინმეს იმედი აქვს, ეს არის პატრიარქი და ეკლესია”.

საინფორმაციო სააგენტო ”მედიანიუს”-მა კი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრიარქთან დაკავშირებული განცხადება გაავრცელა, მასში ნათქვამია, რომ პრეზიდენტისთვის მიუღებელია ამგვარი ქმედებები და გამონათქვამები: ”ჩვენი აზრით, ეს არაეთიკური გამოხტომები ემსახურება საზოგადოების გახლეჩვას, პრეზიდენტის აზრით, ეკლესიის პროვოცირება და მისი ძალაუნებურად პოლიტიზირების მცდელობა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესებს უწყობს ხელს”.

1 comment: