6 ოქტომბერს პრეზიდენტმა პარლამენტში სხდომა ჩაატარა. მან ხალხს თავისი ეკონომიკური ხედვები წარუდგინა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას ეკონომიკური გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ ქვეყანაში ლიბერალური ეკონომიკა უნდა არსებობდეს. „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ საფუძველზე მაქსიმალურად შეიზღუდება მთავრობის როლი ბიზნესში. უნდა აიკრძალოს უკვე დადგენილი ლიცენზიების რაოდენობის მომატება. გადასახადის შემოღება და საგადასახადო განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი იქნება მხლოდ გამონაკლისის სახით, ისიც რეფერენდუმის ჩატარების შემდგომ. ინიციატივაში შედის:
1. სახელმწიფო ხარჯები <30%
2. ბიუჯეტის დეფიციტი <2%
3. სახელმწიფო ვალი <60%
4. არსებული ლიცენზების და ნებართვების გარდა ახლის შემოღება იკრძალება.
5. სახელმწიფოს ეკრძალება წილების ფლობა კერძო ბანკებში.
6. სოციალური დახმარებები მხოლოდ მიზნობრივად.
7. ვაუჩერები როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლებსაც
8. სახელმწიფო ეხმარება მხოლოდ პიროვნებებს და არა გაურკვეველ ინსტიტუტებს
9. ახალი მარეგულირებლების შექმნა იკრძალება.
10. ნებისმიერი ახალი გადასახადის შემოღება ან გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმით.
„ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო“ თავის ვებგვერდზე პრეზიდენტის ეკონომიკურ ინიციატივასთან დაკავშირებით აქვეყნებს შემდეგ შენიშვნებს:
ა) არაფერი ითქვა საკუთრების ხელშეუხებლობის დამკვიდრებაზე
ბ) გადასახადების შემცირება ჩანს არ იგეგმება - რაც ცუდია
გ) ფისკალური დისციპლინის თემა გაცილებით უფრო ფართოა და აქ გვჭირდება რადიკალური ზომები
დ) მონეტარული დისციპლინა - ამას არანაკლები ზარალი მოაქვს, ვიდრე თუნდაც საკუთრების პრობლემას (უბრალოდ ამას ერთბაშად ვერ ვგრძნობთ)
ე) არაფერი თქმულა ასევე საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირების მძიმე წესებზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ლოგიკას არის აცდენილი, არათუ მხოლოდ კონსტიტუციურ წესრიგს.
ვ) პრეზიდენტის მიერ ჩამოთვლილი საკითხების საერთო სახელად უფრო უპრიანია ეკონომიკური სტაბილურობის აქტი დაესახელებინა, თუმცა ამ სტაბილურობას ყველაზე მეტად ისევდაისევ საკუთრების ხელშეუხებლობა უზრუნველყოფს და თავისუფალი მონეტარული სისტემა.
ამ ინიციატივაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხვადასხვა მოსაზრებით გამოდიან. მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ ქვეყანაში, სადაც უფრო მწვავე ეკონომიკური პრობლემებია, ამგვარ აქტებზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ხოლო პეტრე მამრაძემ აღნიშნა: „ტრაგიკულია, რომ პრეზიდენტის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება“.
პარლამენტში ამ შეხვედრის განმავლობაში კიდევ ბევრ საკითხზე ისაუბრეს.
წამოიჭრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაც. კერძოდ, „შეწყალების პროცედურების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს მხარი უმრავლესობის სამმა წევრმაც დაუჭირა“, – აქვეყნებს „ინტერპრესნიუსი“.
ასევე, დაიწყო ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი კომისიის შექმნის პროცედურაც.
ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა და „იმედ“-მა მხოლოდ პრეზიდენტის, ერთი შეხედვით ქვეყნის ეკონომიკის ამაყვავებელი ინიციატივები გაგვაცნო. არაფერი თქმულა დარჩენილ საკითხებზე დღის მთავარ გამოშვებებში. შეწყალების პროცედურების გამოძიებაც მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ეს თემები ტელეკომპანია „კავკასიამ“ გააშუქა და საერთოდ პარლამენტში შეხვედრას ამ მედიასაშუალებამ უფრო მეტი დრო დაუთმო.
ერთი აღსანიშნავი ფაქტიც, პრეზიდენტის ეკონომიკური ინიციატივა „ფეისბოქზე“ მხოლოდ ორმა ადამიანმა მოიწონა. იყო მსჯელობა და უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამ ინიციატივას ბევრი ნაკლი აქვს.