Thursday, December 24, 2009

”მენეჯერი ვადაგასულ პრეპარატებს მასაღებინებდა”


აფთიაქში წამლის ყიდვისას ძალიან ცოტა მომხმარებელი აკვირდება მედიკამენტის ვადას. პრეპარატის ვარგისიანობის შემოწმება კი აუცილებელია, საქართველოში ვადაგასული წამლების ჩამოწერა სხვადასხვა აფთიაქში სხვადასხვაგვარად ხდება. არსებობს კონტროლის განსხვავებული მექანიზმებიც. დიდ ფარმაცევტულ კომპანიებს შედარებით მოწესრიგებული აქვთ უვარგისი პრეპარატების ჩამოწერა-განადგურება.

მცირეხნიანი დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ აფთიაქიდან გამოსული მომხმარებელის აბსოლუტური უმრავლესობა არ ამოწმებს მედიკამენტის ვადას. ძალიან ცოტაა ისეთი მყიდველი, ვინც ყიდვისას პრეპარატის ვარგისიანობას აკვირდება.
”საერთოდ ყოველთვის ვუყურებ ვადას. ძალიან იშვიათად შეიძლება დამავიწყდეს შემოწმება. ასე არამარტო მედიკამენტების, არამედ სხვა პროდუქტების ყიდვის დროსაც ვიქცევი, იმის შემდეგ, რაც რამდენჯერმე ნაყიდი პროდუქტის უკან დაბრუნება მომიხდა ვადაგასულობის გამო. ვფიქრობ, თავის დაზღვევის მიზნით, ყოველთვის უნდა შეამოწმო ვადა”, - აღნიშნა აფთიაქიდან გამოსულმა ანა წიკლაურმა.
25 წლის ფარმაცევტი, მირანდა ქავჯარაძე კი ქალაქ ქობულეთში, ლესელიძის 11 ნომერში არსებულ აფთიაქში მუშაობდა. მან ნახევარწლიანი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა აფთიაქიდან წამოსულიყო. წამოსვლის მიზეზი ერთი მხრივ, ძალიან დაბალი ხელფასი იყო, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რომ მას აფთიაქ „მედეას“ ხელმძღვანელობა ვადაგასული პრეპარატების გასაღებას ავალებდა.
”ერთხელ ერთი ახალგაზრდა კაცი შემოვიდა, ფეხმძიმე მეუღლისთვის საკმაოდ ძვირადღირებული წამალი უნდოდა, ჩვენმა მენეჯერმა კი მაიძულა ვადაგასული მედიკამენტი მიმეცა მისთვის. შეიძლება უარყოფითად არც ემოქმედა იმ წამალს ქალზე, მაგრამ დადებითი ეფექტი რომ არ ექნებოდა, ეს ნამდვილად ვიცი. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ასე ძალიან ბევრ პრეპარატს ვყიდდით”, - ამბობს ფარმაცევტი ქავჯარაძე.
როგორც 25 წლის მირანდამ აღნიშნა, ძირითადად ისეთ პრეპარატებს აყალბებდნენ, რომლებიც ბოთლში იყო ჩასხმული, თუმცა, ფირფიტებში მოთავსებულის გასაღებასაც ახერხებდნენ:
”ბოთლის შემთხვევაში ეტიკეტის იმ ნაწილს აჭრიდნენ, სადაც ვადა იყო მითითებული. ხოლო ფირფიტაში მოთავსებულ წამლებს ყრიდნენ სატაბლეტე პარკში. ვინაიდან ფირფიტაზეა პრეპარატის ვადა მითითებული, მყიდველი ვერ ხვდებოდა მის ვადაგასულობას”.
ამ აფთიაქში ზედამხევდელობის სამსახური დადიოდა, თუმცა, ქავჯარაძის თქმით, უფროსმა ყოველთვის იცოდა, თუ როდის მოვიდოდნენ ისინი, ამიტომ ”მომზადებული” ხვდებოდა.
აფთიაქ ”მედეაში” მირანდას მუშაობის პერიოდში მომხმარებელი არასოდეს მისულა წამლის ვადაგასულობის პრეტენზიით: ”მომხმარებელი ალბათ ვერც ხვდებოდა წამლის უვარგისობას”, - აღნიშნა მირანდამ.
როგორც ”საქართველოს კანონში წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” წერია: ”ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გაუვარგისებული, არარეგისტრირებული საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი სამკურნალო საშუალებები ექვემდებარება განადგურებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესის შესაბამისად”.
ვადაგასული პრეპარატების ჩამოწერა ხდება კანონით გაწერილ პირობებში, ანუ ეს არ არის ფარმაცევტული კომპანიის ან პატარა აფთიაქის მიერ განსაზღვრული.
პატარა აფთიაქებში აღმოჩნდა, რომ პრეპარატების ჩამოწერისა და განადგურების პრობლემა აქვთ.
”არავინ არ მოდის ჩამოსაწერად და რა ვქნათ, არც წასაგებად მოდიან. ამიტომ ჩვენ თვითონ ვახდენთ მათ ჩამოწერას. ახლაც ვათვალიერებ ვადაგასულ პრეპარატებს და ვყრი ნაგვის ურნაში. ჩვენ იმ ვადაგასულ პროდუქციის საფასურასაც ვიხდით. არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ვყიდით თუ არა. ანუ მოგება არ გვრჩება”, - აღნიშნა ცოტნე დადიანის №34–ში მდებარე კერძო აფთიაქის მენეჯერმა, ლუდა გაგუამ.
კითხვაზე მიდიან თუ არა კონტროლის სამსახურიდან შესამოწმებლად, ლუდამ გვიპასუხა:
”მოდიან, ოღონდ ფარულად. მაგალითად გვქონდა შემთხვევა, როცა მოვიდა ორი ადამიანი, იყიდეს საკმაოდ დიდი რაოდენობის წამალი და მერე გამოაცხადეს, რომ კონტროლის სამსახურიდან იყვნენ. შეამოწმეს ალბათ და რომ არ გვქონდა ვადაგასული პრეპარატი, პრობლემაც არ შეგვქმნია”.
ხოლო რაც შეეხება ”ავერსის” აფთიაქებს, ვადაგასული პრეპარატების ჩამოწერას თვით ფილიალის მენეჯრები ახდენენ.
”ჩვენ თვითონ, აქ მომუშავე პერსონალთან ერთად ვახდენთ ჩამოწერას. ვამოწმებთ და ცალკე ვალაგებთ. შემდეგ მოდიან ცენტრალური ოფისიდან და გადააქვთ. ჩვენ „ავერსის“ ბაზიდან ვიღებთ წამლებს, რომლებიც შემოწმებული მოდის ჩვენამდე. აქ კონტროლი არ ხდება. არავინ არ მოდის შესამოწმებლად. ჩვენ თვითონ ვაკონტროლებთ, ანუ ეს ძირითადად მე, როგორც უფროსს მევალება, სადმე რაიმე არ გაიპაროს. ჩამოვწერთ და მიაქვთ, შემდეგ ისინი ანადგურებენ”, - თქვა „ავერსის“ ნაძლადევის ერთ-ერთი ფილიალის გამგემ, გია დანელიამ.
საერთოდ, სხვადასხვა პრეპარატის ჩამოწერა სხვადასხვა დროს ხდება. ზოგის ჩამოწერას ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე ახდენენ, ზოგს ერთი კვირით ადრე და ა.შ.
როგორც ”ავერსიში” აღნიშნეს, ჩამოწერას ძირითადად თვეში ერთხელ აწარმოებენ.
”პსპ”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნათია ხაბეიშვილმა კი აღნიშნა, რომ პრეპარატების ჩამოწერისათვის იქმნება სპეციალური კომისია, წინასწარ ცნობილია თუ ვინ შევა ამ კომისიაში. შემდეგ სად უნდა მოხდეს ვადაგასული პრეპარატების განადგურება.
”ყველა დიდი კომპანია ექვემბარება კანონს. კანონის მიხედვით ხდება სწორედ ჩამოწერა, ანუ თუ რომელია უკვე უვარგისი პრეპარატი, რამდენი ხნით ადრე უნდა მოხდეს ამა თუ იმ წამლის ჩამოწერა. ამასაც კანონი არეგულირებს.
პრეპარატების ჩამოწერა არ არის ყოველთვიური აუცილებელი პროცედურა, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ შეიძლება ერთი თვე ისე გავიდეს, რომ ამის საჭიროება არ იყოს. ჩვენ ყველა მედიკამენტი გვაქვს პროგრამაში შეყვანილი, ანუ პროგრამა თავისით გიჩვენებს თუ რომელ პრეპარატს გასდის ვადა”, - თქვა მან.
”პსპ”-ს ფილიალებში კონტროლს თითოეული აფთიაქის მენეჯმენტიც უწევს. ასევე, ხარისხის კონტროლის განყოფილებაც, რომელიც კომპანიის ერთ-ერთ განყოფილებას წარმოადგენს
„ჯიპისის“ აფთიაქებში ვადაგასული წამლების ჩამოწერა აფთიაქის მენეჯერის და ფარმაცევტის მიერ ხდება. ყოელდღიური შიდა აღწერების დროს, ისინი პრეპარატების ვადებს აკონტროლებენ. როგორც „ჯიპისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ნინო დათიაშვილი ამბობს, აფთიაქს აქვს სპეციალური ჟურნალი, სადაც ყოველდღიურად ხდება აღრიცხვა მოკლევადიანი პრეპარატების. თითოეული ფილიალის კონტროლს კი სააფთიაქო ქსელის სათაო ოფისიდან ფარმაცევტ–აუდიტი ახორციელებს.
საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, შპს „საქექსპერტიზა“ აწარმოებს ექსპერტიზას და ადასტურებს, რომ მედიკამენტი არის ვადაგასული, ან დაზიანებული და სარეალიზაციოდ მისი გამოყენება არ შეიძლება. ეს სანამ აფთიაქებში შევა. ამის შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და წამლის სააგენტო აკეთებს გასკვნას, რომ აღნიშნული პროდუქცია არ არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული. "ვადაგასული პრეპარატები იგზავნება ქიმიის ინსტიტუტში და ხდება მათი დაწვა სპეციალურ ღუმელში. ასე ხდება უვარგისი პრეპარატების განადგურება“, – აღნიშნა ნინო დათიაშვილმა.
როგორც ქიმიის ინსტიტუტში აღნიშნეს, ერთჯერადად მიაქვთ კომპანიებს ვადაგასული პრეპარატები, იხდიან გარკვეულ თანხას და შემდეგ იქ სპეციალურ ღუმელში წვავენ. ასეთი შემთხვევა წელიწადში საშუალოდ ორჯერ ხდება.
როგორც ვნახეთ, დიდი ფარმაცევტული კომპანიები შედარებით უფრო ახერხებენ ვადაგასული პრეპარატების დროულად ჩამოწერას და მათ მოწესრიგებას, ვიდრე პატარა აფთიაქები. იქ უფრო ხდება ხშირი კონტროლი და უვარგისი პრეპარატების განადგურება წესისა და რიგის მიხედვით. მყიდველების უმრავლესობა კი ყიდვისას არ ამოწმებს პრეპარატის ვადას. მომხმარებელსათვის უმჯობესი იქნება, თუ ისინი მედიკამენტის შეძენისას მის ვარგისიანობას დააკვირდებიან და წინასწარ თავს დაიზღვევენ.

Monday, November 30, 2009

სტუმრად პურის მეოთხე ქარხანაში

რამდენიმე დღის წინ პურის მეოთხე ქარხანაში ვიყავი ფოტოების გადასაღებად... ძალიან იoლად დამთანხმდნენ უფროსებიც და მცხობელებიც გადაღებაზე, რაც ძალიან გამიკვირდა..
პურის მეოთხე ქარხანაში ყოველდღე ცხობას საღამოს 6 საათზე იწყებენ და დილით ასრულებენ. ისინი ყოველდღე დაახლოებით 4000 ცალ პურს აცხობენ. შემდეგ ზოგს ჭრიან და ფუთავენ და ზოგს კი ჩვეულებრივ აბარებენ..მე დაახლოებით საღამოს ცხრაზე მივედი და მთელი სამი საათი მათთან ერთად დავყავი. მინდა გითხრათ, ეს პერიოდი ძალიან საინტერესოდ გავატარე :) გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს...

























Monday, November 2, 2009

რა ვერ შეასრულა დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა?!


სამხრეთ ოსეთიდან დევნილებისთვის სახლები და მიწის ნაკვეთები საკუთრებაში ჯერ არ გადაუციათ. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ვეღარ სარგებლობენ და უმუშევრობასაც უჩივიან.
2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომისშედეგად იძულებით გადაადგილებულია დაახლოებით 26 000 ადამიანი.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის #124 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის #34 დადგენილების შესაბამისი მუხლების თანახმად კი შექმნილია დევნილთა საკითხების დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფასა და დაკანონებას, სრულწლოვან და არასრულწლოვან დევნილთათვის სტატუსის მინიჭებას, შემწეობის თანხების და ზოგადად, სოციალური დახმარებების გაცემას, დროებით საცხოვრებელ მისამართზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილთა ადგილზე დარეგისტრირების მიზნით კომისიის გამოყოფას, დევნილთა სოციალური პირობების შემოწმებასა და მათთვის სარეაბილიტაციო სამუშოების ჩატარებას.
ჯერჯერობით ყველა ეს საკითხი არაა მოგვარებული.
როცა 2008 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთიდან დევნილები მათთვის აშენებულ სახლებში შეასახლეს, დაჰპირდნენ, რომ სახლები და მიწის ნაკვეთები მათ მალე საკუთრებაში გადაეცემოდათ. მას შემდეგ ლამის ერთი წელი გავიდა და ეს დაპირება დაპირებად რჩება.
ეს ჩვენი სახლი არაა, თავს აქ კარგად ვერ ვგრძნობთო, ამბობენ ლიახვის ხეობელები. სამოთახიანი სახლები და მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა მიწის ნაკვეთები საკმარისი არ აღმოჩნდა ზოგიერთისთვის. იქ იმხელა სახლები და მიწები დავტოვეთ, ეს რა არისო, ჩიოდა 72 წლის მოხუცი ქალბატონი. თან თუ ის შენი საკუთრება არაა, უფრო გიჭირს მისი შენად გათავისება.
ამ საკითხის გარკვევა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ვცადეთ. ორი კვირის მანძილზე ვერც მინისტრ კობა სუბელიანსა და ვერც მის მოადგილეებს ვერ დავუკავშირდი.
დევნილები სხვადასხვა ადგილებზე დაასახლეს: წეროვანი, კოდა, შავშვები, მეტეხი და ა.შ. ისინი შუქის, გაზის და ყველა კომუნალური გადასახდისაგან თავისუფალნი არიან. ამ ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. მაგრამ ისინი შეშინებულები არიან, ვაითუ მალე ჩვენ მოგვიხდეს მათი დაფარვაო.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ამოცანებში ისიც არის მითითებული, რომ სანამ დევნილებს გაუჩნდებათ შემოსავალი, მანამდე ისინი უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ საკვებითა და ფულადი დახმარებით, ჰიგიენური საშუალებებით. გადასახადებზე არაფერია ნათქვამი. ამის გამო წეროვანში მცხოვრები დევნილები ძალიან წუხან:


„შემოგვასახლეს აქ და რა უნდა გააკეთო? სამუშაო არაა და არაფერი. კიდევ კარგი, აქამდე მაინც არ გვქონდა შუქის და გაზის გადასახადი, თორე რა უნდა გვექნა? ახლა კიდევ ამბობენ იანვრიდან თქვენ უნდა გადაიხადოთო, ნეტა ის არ აინტერესებთ როგორ მოვახერხებთ ამას? სამუშაო ადგილები მაინც შექმნან, რომ პურის ფული გვქონდეს“, – ამბობდა სოფელი კეხვიდან დევნილი მაგული ხუროშვილი.
ყოველთვიურად ოჯახის თითოეული სული 24 ლარის ოდენობის დახმარებას იღებს, ამას გარდა მათთვის მიაქვთ საკვები: მაკარონი, შაქარი, ფქვილი, მარილი, ლობიო და ა.შ. თუმცა, მათ დამატებითაც უწევთ საკვების ყიდვა.
„პატარა შვილები მყავს, ყოველდღე მაკარონი და ლობიო ხომ არ შეიძლება აჭამო. მოზარდები არიან, რძის ნაწარმი, წვნიანი, ხორციანი საჭმელი სჭირდებათ. მაგრამ აბა არ გაინტერესებთ რამდენი ხანია უჭამიათ ასეთი საჭმელი? ჩვენ იმას კი არ ვითხოვთ სულ გვარჩინოს მთავრობამო, უბრალოდ სამუშაო ადგილების შექმნა არის აუცილებელი, სამსახური რომ ჰქონდეს ჩემს მეუღლეს, ასე კი არ დავიჩივლებდი“, – აღნიშნა წეროვანში მცხოვრებმა წვრილშვილიანმა დედამ.
სამუშაო ადგილები მართლაც არ აქვთ საკმარისი. წეროვანში შოკოლადის და ქაღალდის ქარხანა გაუხსნიათ. რა თქმა უნდა, დევნილებიც დაასაქმეს, მაგრამ ამ ადამიანთა რაოდენობა დაახლოებით 50ია. ასევე, ერთი კვირის წინ იქ პურ-ფუნთუშეულის საცხობი, მეფრინველეობის ფერმა, მოსაპირკეთებელი ფილების მიკროსაწარმოც გაიხსნა. ეს პროექტები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა. ახლადგახსნილ საწარმოებშიც მხოლოდ 50 იძულებით გადაადგილებული პირი დასაქმდა. დასაქმებულთა ეს რიცხვი ძალიან ცოტაა, რადგანაც წეროვანში 2500-მდე ოჯახი ცხოვრობს.
ერთი საინტერესო ფაქტიც შეინიშნება. წეროვანში ჩასახლებულია ახალგორის რაიონიდან და ლიახვისა და ფრონეს ხეობიდან დევნილი მოსახლება. ახალგორელების სახლები გადარჩა აგვისტოს ომის დროს, ამ რაიონში ჩასვლა არ წარმოადგენს პრობლემას, იქაური მოსახლეობა შაბათ-კვირაობით ჩადის ხოლმე მშობლიურ სახლში. ისინი იქ ბოსტნეულს თესავენ მოაქვთ ხილი და ა.შ. ზოგი არც უშინდება იქ ცხოვრებას, ძირითადად მოხუცებმა დაკეტეს მათთვის განკუთვნილი ახალაშენებული სახლები და ახალგორში წავიდნენ. ზოგს კიდევ შიში აქვს მაინც. ეშინიათ ისევ არ დაიძაბოს მდგომარეობა, ამიტომაც წეროვანში დარჩენას ამჯობინებენ.
ლიახვისა და ფრონეს ხეობიდან დევნილების სახლები სულ გადამწვარი და განადგურებულია და მათ ცხინვალის რაიონშიც არავინ უშვებს.
სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირების რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა. ჯერ ყველას არ აქვს ლტოლვილის სტატუსი და შესაბამისი მოწმობაც.
„დევნილის მოწმობა გვაქვს, მაგრამ ჩემი შვილი ერთი კვირის წინ თბილისში იყო და მეტროში უფასოდ არ ჩაუშვეს. ადრე კი უფასოდ დავდიოდით. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, არც ის ვიცი გვექნება თუ არა მომავალში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლება“, - ჩიოდა სოფელ ქურთიდან დევნილი ლილი ჯავახიშვილი.
ეს ფაქტი კიდევ ბევრმა ახსენა.
მართლაც პირველი აგვისტოდან იძულებით გადაადგილებული პირები თბილისის მეტროში ჩვეულებრივ, 40 თეთრს იხდიან. მანამდე მათ უფასოდ მგზავრობის საშუალება თბილისის მეტროპოლიტენის ინიცატივით ჰქონდათ.
დევნილთა ტრანსპორტით უფასოდ უზრუნველყოფა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის კომპეტენციაში არ შედიოდა. ამიტომ ამაზე პასუხი მათ არც ექნებათ. მაგრამ დევნილებისათვის საკუთრების დაკანონება ერთ–ერთ ჯერ არშესრულებულ საკითხს წარმოადგენს. როგორც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის #403 განკარგულებაში – „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009–2010 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ წერია მიმდინარეობს დევნილთა საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის პროცესი.
http://mra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=3

Thursday, October 22, 2009

ქართველი ინტელიგენცია პატრიარქის გვერდით


დღეს რესტორან ”ჯაზუში” ქართველმა მსახიობებმა და მომღერლებმა შეკრება გამართეს ლოზუნგით - ”პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეშია”.

ბოლო დროს აქტუალური თემა თავისუფლების ინსტიტუტის წევრის , თეა თუთბერიძის მიერ ერთ-ერთ სოციალური ქსელში Facebook-ში გავრცელებული პარტიარქის წინააღმდეგ აგორებული კამპანია გახდა. ამაზე პროტესტი ბევრმა გამოთქვა. მათ შორის, ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებმაც. მათი დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა. შეკრებას გურანდა გაბუნია, რეზო ესაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნინელი ჭანკვეტაძე და სხვვები ესწრებოდნენ.


”ეს პირველი შემთხვევა არ არის. ასეთი რაღაცა ადრეც მომხდარა. უბრალოდ თეა თუთბერიძე გახადეს სალაპარაკო. მე ეჭვი მეპარება, რომ ეს კამპანია ხელისუფლების მხრიდან მოდის. ალბათ, ეს ეშმაკის გამოცდა უფროა”,- აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.

რეჟისორი რეზო ესაძის თქმით, ჩვენი სულიერი სიწმინდე შეურაცხყოფილია, რომლისთვისაც საქართველო საუკენების მანძილზე იბრძოდა: ”ამ ხალხს მართლმადიდებლური სარწმუნოების შერყევა უნდათ, მაგრამ მათ უნდა შევუნდოთ.ოღონდ ისე კი არა, რომ გავათავხედოთ, არამედ ისე, რომ მეორეჯერ ვეღარ გაბედონ ასეთი რაღაცის გაკეთება”.

მსახიობმა გურანდა გაბუნიამაც თავისი გულისტკივილი გამოხატა: ”გული მწყდება, რომ ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს ტკივილი მიაყენეს. ვინ არის თეა თუთბერიძე არც ვიცნობ და არც მაინტერესებს, უბრალოდ ვიცი, რომ ვინც ასეთ რაღაცას აკეთებს, ღმერთი აუცილებლად გადაუხდის სამაგიეროს.”

მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ შეხვედრაზე გასაშუქებლად მისულ Real-TV-ის ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა და განაცხადა: ”ისეთ ტელევიზიას არ მივცემ ინტერვიუს, რომელიც გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე გურამ დოდნაძისაა. აქ იმიტომ მოვედი, რომ ვფიქრობ, პატრიარქის წინააღმდეგ შეურაცხყობის პროტესტი ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა. მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რომ საზოგადოებას თუ ვინმეს იმედი აქვს, ეს არის პატრიარქი და ეკლესია”.

საინფორმაციო სააგენტო ”მედიანიუს”-მა კი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრიარქთან დაკავშირებული განცხადება გაავრცელა, მასში ნათქვამია, რომ პრეზიდენტისთვის მიუღებელია ამგვარი ქმედებები და გამონათქვამები: ”ჩვენი აზრით, ეს არაეთიკური გამოხტომები ემსახურება საზოგადოების გახლეჩვას, პრეზიდენტის აზრით, ეკლესიის პროვოცირება და მისი ძალაუნებურად პოლიტიზირების მცდელობა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესებს უწყობს ხელს”.

Wednesday, October 21, 2009

TV-25-ის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა



”თავისუფლება სიტყვას” - ამ ლოზუნგით დღეს საქართველოს პარლამენტის წინ რეგიონალური ტელევიზიის ”TV-25”-ის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. შეკრება საქართველოს რეგიონალური მედიის ასოცოაციის ინიციატივით ჩატარდა.

რეგიონალურ ტელეკომპანიას დახურვა ემუქრება იმის გამო, რომ საგადასახადოს ვალი აქვს, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაშიც კანონი უფლებას ანიჭებს სახელმწიფოს ტელეკომპანიის ქონება აუქციონზე გაიტანოს. ტელეარხს დავალიანება ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაედო. მაშინ არხი სოსო გოგიტიძის მფლობელობაში იყო. საქმე რამდენიმე წლის მანძილზე სასამართლოში განიხილებოდა. 9 ოქტომბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ”TV-25”-ს 277 547 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დაეკისრა.

ტელეარხის ჟურნალისტი ლიზი თედორაძე აღნიშნავს, რომ ძველი დავალიანება უნდა ჩამოეჭრას და ახალი ვალის რესტრუქტურიზაცია მოხდეს: ”ვაპირებთ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას. საქმე შეიძლება სტრასბურგშიც წავიღოთ. ჩემი და ტელევიზიის მოთხოვნა არის ის, რომ გადასახდელი თანხის რაოდენობა ხელმეორედ შემოწმდეს”.

მხარდასაჭერ აქციას ჟურნალისტი ზვიად ქორიძეს შეუერთდა, რომელიც აღნიშნავს, რომ ”ტელეარხი 25 მართლაც დასაცავია. მათ ძალიან დიდი პრობლემა შეექმნათ და ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს ამის შესახებ, რადგანაც არხი იხურება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ირღვევა”.

აქციას ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მანანა ნაჭყებია აღნიშნავს: ”მიმაჩნია, რომ ”TV-25” პრობლემა არის ხელოვნურად შექმნილი. როდესაც ”რუსთავი 2” ანალიოგიურ სიტუაციაში იყო, ხელისუფლებამ დავალიანების გადახდის გადავადების საშუალება მისცა. იგივე უნდა გაკეთდეს სხვა ტელეკომპანიებთან მიმართებაშიც”.

ტელეარხ 25-ის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ ”მაესტრო”-ს ხელმძღვანელი მამუკა ღლონტიც იყო. ”საქართველოში თავისუფალი სიტყვა იზღუდება, ამიტომაც ჩვენ ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ. როგორ შეიძლება ”რუსთავი 2”-ის და ”იმედი”-ს ფონზე სახელმწიფო რაიმე გადასახადებზე საუბრობდეს?! ეს ხომ დიდი უნომუსობაა...” - აღნიშნავს მამუკა ღლონტი.

ტელეარხ 25-ს სოლიდარობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალი პროფკავშირების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს.