ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ხშირად ეძახიან სულით ავადმყოფებს. საზოგადოებაში არსებობს სტიგმა ამგვარად დაავადებული ადამიანების მიმართ. თითქოს ისინი საშიშნი არიან და ყველა თავს არიდებს ხოლმე.
იკურნება თუ არა ეს დაავადება და რა დაწესებულებები არსებობს მათი უფლებების დასაცავად და სამკურნალოდ, ამას წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ.
”თორნიკე ტავლალაშვილი დაიბადა 1979 წლის ქრისტესშობის 5 რიცხვს.
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ავტორის მცდელობას გაესაუბროს მისგან გაუცხოებულ ადამიანებსა და სამშობლოს, რომლის პრობლემები მისთვის ავადმყოფობამდე მისული სულიერი სატკივარია. მას არ ძალუძს მიიღოს წუთისოფლის მკაცრი, პრაგმატული რეალობა მარტოსულად დარჩენისა. იგი თავისი ნააზრევით ცდილობს თავი შეახსენოს ახლობლებს, მის მწირ გარემოცვას და შეძლებისდაგვარად მიესიყვარულოს მათ”.
ეს არის თორნიკე ტავლალაშვილის ლექსების კრებულის - ”გზის” შესავალი. ამის გარდა, მას არაერთი პატარა ლექსი აქვს დაწერილი. მან თარგმნა ინგლისური ანდაზებიც თავის ახლობელთან ერთად, რაც შემდეგ დაბეჭდეს კიდეც. თორნიკეს 16 წლის ასაკიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
როგორც დედა ნათელა ბახტაძე ამბობს, თორნიკეს დაავადების მიზეზი გახდა ის, რომ მან მოკლე დროში ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღო. წაიკითხა უამრავი წიგნი და გადაიღალა: ”შემდეგ ძალიან ცუდად გახდა, ძალადობდა. ამიტომაც დავიწყეთ მკურნალობა. როგორც თვითონ მიაჩნია, თავიდან მას არასწორად ვმკურნალობდით, რაღაც არატრადიციული მეთოდით. ამან შედეგი არ მოგვცა.
მერე გავხდით ეკლესიურები. თორნიკე საათობით იდგა ლოცვებზე, აბარებდა აღსარებას, ლოცულობდა. ამ ყველაფერმა მას ძალიან დაეხმარა”.
ეკლესიაში ერთხელ მისვლა არაფერს გიშველის, ბევრჯერ უნდა მიხვიდეო, ამბობს თორნიკე.
თავიდან თორნიკე არ ლაპარაკობდა, შემდეგ კი ცოტათი გაიხსნა და დედასთან ინტერვიუს შემდეგ თვითონაც მოისურვა ისიც ჩამეწერა. ჩემი იქ ყოფნისას მან ძალიან ბევრი დამაფიქრებელი და საინტერესო აზრი გამოთქვა. ისაუბრა თავის თავზეც:
”პასუხისმგებლობის ძალიან დიდი გრძნობა მქონდა, მინდოდა ყველაზე პირველი ვყოფილიყავი, ანუ წარმატება მაქსიმალურად მომეპოვებინა. მე-9 თუ მე-10 კლასში კარატეს ჩემპიონატებზე გამოვდიოდი და ვცდილობდი პირველი ადგილი ამეღო. ავიღე კიდეც რამდენჯერმე. ამის შემდეგ მაგიდის ჩოგბურთის თამაში დავიწყე”.
”საყურებლად ძალიან საინტერესო იყო, აზარტულად თამაშობდა და გამოყავდათ კიდეც ჩემპიონატებზე. მამა ექვსი წლის წინ გარდაეცვალა. ეს ძალიან რთულად გადაიტანა თორნიკემ”, - ამბობს ქალბატონი ნათელა.
”დასვენება მინდა ყველაზე მეტად. გარეთ არ გავდივარ იმიტომ, რომ ერთხელ რომ იგრძნობს ადამიანი უყურადღებობას და სხვაგვარ დამოკიდებულებას სხვებისგან, მერე აღარ გინდა არც გარეთ გასვლა და არც სხვებთან ურთიერთობა. ილიას აქვს ნათქვამი, სადაც კი მივედი ყველგან კედელი დამხვდაო, ეგრე ვარ მეც.
ბავშვობიდან ვეუბნებოდი მშობლებს, რომ ინვალიდი ვიყავი, ესენი კი ყურადღებას არ მაქცევდნენ. ახლა, კი ცოდნაზე მაქვს მოთხონილება. მინდა რაღაც ისეთი წავიკითხო, რაც არ წამიკითხავს და რაც არ ვიცი”.
ინტერვიუს დროს თორნიკე ძალიან ბევრს ეწეოდა. რომ ვკითხე ამდენს რატომ ეწევი მეთქი მან მიპასუხა: ”ეს დაავადება, რაც მე მჭირს 25 წლამდე იკურნება, მერე აღარ. ამიტომ სიცოცხლე მინდა მოვისწრაფო. მე არც ფიზიკურად და არც გონებრივად მუშაობა არ შემიძლია”.
თუმცა, შემდეგ ისიც აღნიშნა, რომ მისი ცხოვრების მთავარი მიზანი ბავშვის ყოლაა, რომელიც მას არ უნდა დაემსგავსოს.
თორნიკეს მდგომარეობა მკურნალობის შედეგად გაუმჯობესდა. ამიტომაც 2006 წლიდან ხანგამოშვებით გადის ხოლმე სტაციონარულ მკურნალობას. ხან ერთი თვით წევს ხოლმე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ხან კიდევ სახლშია.
ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებულიო, აღნიშნა წამოსვლისას თორნიკემ და მთხოვა მასთან ხშირად მივსულიყავი, რადგანაც ადამიანები იშვიათად ესაუბრებიან მას.
ფსიქიკური დაავადება ეს არის ადამიანის ფსიქიკური ფუნქციების პათოლოგური ცვლილებებით გამოწვეული ქცევის მოშლა, რომელიც გამოიხატება მისთვის ჩვეულ, სოციალურ გარემოში დეზადაპტაციით. ფსიქიატრმა ნათია ტუღუშმა განმარტა თუ რას წარმოადგენს ფსიქიკური დაავადება:
”სოციალური ურთიერთობის დარღვევა, საკუთარი თავისა და გარემოს არასწორი შეფასება წარმოადგენს ფსიქიური დაავადებების ძირითად არსს.
ფსიქიური დაავადებები არის მრავალი სახის, სხვადასხვაა მათი სიმძიმე და გამოსავალიც. ზოგადად შეიძლება ვთქვათ, რომ ფსიქიკურად დაავადებულებს შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი ნიშნები: არასწორი იდეები, უსაფუძვლო აზრები, უცნაური, აუხსნელი ქცევა, დაქვეითებული თავის მოვლის ჩვევები, ჩაკეტილობისადმი მიდრეკილება, ჰალუცინაციები.
შეიძლება პაციენტი გამოჯანმრთელდეს მხოლოდ ერთი ფსიქოზური ეპიზოდის შემდეგ, ზოგს პერიოდულად ესაჭიროება ფსიქიატრიული დახმარება, ზოგს კი უვითარდება დაავადების ქრონიკული ფორმა და საჭიროებს მუდმივ მხარდაჭერას“.
როგორც ქალბატონმა ნათიამ აღნიშნა, სტაციონირება საჭიროა მაშინ, როდესაც მწვავედ ვლინდება ფსიქიური დაავადების სიმპტომები, როდესაც ადამიანი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან სხვა ადამიანებს, ზიანს აყენებს საგნებს, არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.
საქართველოში სულ რამდენიმე დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტის სტაციონირება.
მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1960იანი წლებიდან არსებობს. ის 225 საწოლზეა გაშლილი, თუმცა, იქ უფრო მეტი პაციენტი მკურნალობს.
”კანონის მიხედვით ფსიქიატრიულ დაწესებულებას არა აქვს უფლება უარი თქვას პაციენტის მიღებაზე, აქედან გამომდინარე ჩვენი პაციენტების რაოდენობა ზუსტად 225 კი არა, არამედ 240-250ია. თუმცა, რადგანაც სახელმწიფო მხოლოდ 225 პაციენტის ფულს გვირიცხავს, ჩვენ იძულებულები ვართ ამ თანხით 250 პაციენტს მოვემსახუროთ.
ამის გამო, ჩვენ შევიმუშავეთ ასეთი ტაქტიკა: პაციენტს არ აკლდება მედიკამენტი და კვება. თუმცა, პერსონალი რომელიც ჩვენთან მუშაობს იღებს შედარებით დაბალ ანაზღაურებას. ამიტომაც გვყავს ძირითადად ახალგაზრდა და დამწყები პერსონალი”, - აღნიშნა ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, დავით ზურაბაშვილმა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. მაგალითად, ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი” მუშაობს იმისათვის, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ საზოგადოებისაგან გარიყულნი, არ იყოს სტიგმა და მათი დისკრიმინაცია. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი, ჯანა ჯავახიშვილი ამბობს:
”ჩვენი ფონდის საქმიანობა არ მოიცავს ფსიქიატრიულ მკურნალობას. ჩვენი ვუწყობთ ხელს იმას, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეფორმები იყოს იმაზე დაფუძნებული, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები. ხელმისაწვდომი იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები. ასევე, დიდი წვლილი შეგვაქვს კადრების მომზადებაში. გვქონდა პროექტი, რის მიხედვითაც ვამზადებდით ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს. ვატარებთ სხვადასხვა ტრენინგებს, იგივე ჟურნალისტებისთვისაც, თუ როგორ უნდა გააშუქონ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები”.
თითქმის იგივე საქმიანობას ეწევა საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობაც”, რომლის დირექტორმა ნანა აღაპიშვილმა აღნიშნა:
”ჩვენი ასოციაცია უკვე 20 წელია მუშაობს. ჩვენი ძირითადი მისიაა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ან ფსიქოსოციალური პრობლემები აქვს. ვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში. ხშირად გამოვცემთ წიგნებსაც. ვატარებთ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ტრეინინგებს.
ჩვენი ორგანიზაცია რეაბილიტაციას არ ეწევა, ჩვენთან ადამიანი მოდის კონსულტაციისათვის. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ამ პრობლემების მქონე ადამიანებს გაუადვილდეთ ცხოვრება, იყვნენ უფრო წარმატებულნი თავიანთ ოჯახში, სამსახურში თუ იგივე მეგობრებთან ურთიერთობებში”.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს იცავს კანონი, მათ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც.
”არჩევნების დროს ჩვენი პაციენტები, რა თქმა უნდა, აძლევენ ხმას თავიანთ რჩეულს. მათ რომ ჰკითხო, რატომ აძლევს ვთქვათ ამ კანდიდატს ხმას და არა იმას, საკმაოდ დაწვრილებით და არგუმენტირებულად აგიხსნიან მათ გადაწყვეტილებას. მათ აქვთ საოცარი უნარი ადამიანების გამოცნობისა. ძალიან კარგად ხვდებიან, ვინ არის კარგი და ვინ ცუდი. ხანდახან ისეთ ჭკვიანურ და დამაფიქრებელ რაღაცას გეტყვიან, რომ გაოცდები. მაგრამ ეს არ ეხება ისეთ პაციენტებს, რომლებსაც ავადმყოფობის მძიმე ფორმა აქვთ”, - ამბობს დავით ზურაბაშვილი.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამინები ხშირად ხელოვნებითა თუ შემოქმედებით არიან გატაცებულნი, ზოგი ხატავს, ზოგი ლექსებს წერს და ა.შ. როგორც ზურაბაშვილმა აღნიშნა, მათი პაციენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვებიც იმართება ხოლმე ხშირად, რომლებიც შემდეგ ევროპაშიც მოგზაურობს.
სახალხო დამცველის აპარატში 2008 წლიდან მუშაობს შეზღუდულ შესაძლებლობათა ადამიანების უფლებების დაცვის ცენტრი, რომლის მიზანია ამგვარ ადამიანთა უფლებების დაცვა და მონიტორინგი. ”ყოველწლიურად სახალხო დამცველის ანგარიშში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების უფლებებსა და მდგომარეობას. ვახდენთ მონიტორინგს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და ვაკვირდებით ხომ არ ირღვევა მათი უფლებები”, - აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მემარნემ.
როგორც ვნახეთ, საკმაოდ ბევრი მექანიზმი არსებობს იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ჰქონდეთ საკმარისი პირობა იმისა, რომ იმკურნალონ, დაცული იყოს მათი უფლებები და არ განიცდიდნენ ისინი დისკრიმინაციას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი საზოგადოებისგან მაინც გარიყულნი რჩებიან.
ნუ გეშინია, არ გაგიბაზრებ
10 years ago
No comments:
Post a Comment