Monday, May 31, 2010

„აყალ–მაყალი ატეხეს გადასატანი ყუთი გაიტაცესო“

2010 წლის 30 მაისს გამართულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებმა თბილისის მე-9 საარჩევნო ოლქის, 26-ე საარჩევნო უბანზე მცირედი ხარვეზებით, თუმცა, საბოლოო ჯამში, მშვიდად ჩაიარა.
საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა. დილის 11 საათამდე ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. შემოსასვლელ კართან საკმაოდ გრძელი რიგი იდგა. მიუხედავად რიგებისა, ხმის მიცემის პროცედურა თავიდან მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.
26–ე საარჩევნო უბანზე 1479 ამომრჩეველი ერთიან სიაში იყო რეგისტრირებული, ხოლო 9 – სპეციალურ სიაში. მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა 1400, ხოლო სპეციალური კონვერტების რაოდენობა 1000 იყო. როგორც საარჩევნო კოდექსის 54–ე მუხლის, მე–8 პარაგრაფში წერია „თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური კონვერტების რაოდენობა ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა – საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50-ის ჯერადი (მეტობით დამრგვალებული) რიცხვისა“. ასე რომ, ეს დარღვევა დაფიქსირდა ჩემ მიერ ზემოთხსენებულ უბანზე.
1479 ამომრჩევლიდან მხოლოდ 777 ადამიანმა მისცა ხმა, ამიტომ ბიულეტენების და კონვერტების ნაწილი დარჩა გამოუყენებელი. თუმცა, 54–ე მუხლის, მე–8 პარაგრაფით გათვალისწინებული კანონი დარღვეულ იქნა.
დღის ათ საათამდე უბანზე ხმების გაყალბების მცდელობები არ შეინიშნებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე გადასატან ყუთს გავყოლოდი, რომელიც 39 ამომრჩევლისათვის უნდა მიეტანათ სახლში. დაახლოებით 7–8 ადამიანთან ვიყავით მისულები, რომ დარეკეს საარჩევნო უბნიდან და სასწრაფოდ გვთხოვეს დავბრუნებულიყავით.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა, „ალიანსი საქართველოსთვის“ პარტიიდან წარმომადგენელს ზაზა აფციაურს აუტეხავს აყალ–მაყალი, რომ გადასატანი ყუთი გაიტაცესო. ჩვენი უბანზე დაბრუნების შემდეგ, ზაზა აფციაურიც ჩაჯდა მანქანაში და გამოგვყვა. მის სააკრედიტაციო ბარათს დავაკვირდი, რომელიც არა პარტიის, არამედ პრესის ბარათი იყო ფოტოს გარეშე. რომ ვკითხე რატომ გაქვს პარტიის წარმომადგენელს პრესის ბარათი მეთქი, მიპასუხა, ეს მომცეს და გამომიშვესო.
როცა გადასატანი ყუთით დავდიოდით ამომრჩევლებთან, აფციაურმა რამდენიმეჯერ თქვა, „არ გეზარებათ სიარული, ჩვენ შემოვხაზოთ ბიულეტენები და ჩავყაროთ ყუთში“–ო.
კომისიის წევრმა, მაია ბარამიძემ, რომელიც გადასატან ყუთს დაატარებდა, აღნიშნა: „ეს კაცი საეჭვოდ იქცევა, არ მინდოდა ჩვენ გამოგვყოლოდაო“ და ყუთს ხელს არ უშვებდა.
სახლში მყოფი ამომრჩევლებიდან ორმა – ნაცვლიშვილმა შოთამ და გურგენაშვილმა ვერამ, თავიანთი ხელით ვერ შეავსეს ბიულეტენი, ამიტომაც მათ შვილები დაეხმარათ. თუმცა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად, რადგანაც საარჩევნო კოდექსის 58–ე მუხლის, მე–3 პუნქტში აღნიშნულია, რომ „ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა“.
საარჩევნო უბაზე დაბრუნების შემდეგ, ხალხის ნაკადმა იკლო. აღინიშნებოდა მცირედი დარღვევები, მაგალითად, ერთ–ერთმა რეგისტრატორმა მარჯვენა ხელის ნაცვლად ამომრჩეველს მარცხენა ხელზე გაუკეთა მარკირება, თუმცა, შემდეგ აღნიშნა, რომ ეს გადაღლილობის ბრალიაო.
დაახლოებით საღამოს 5 საათისათვის, ორი ამომრჩეველი მოვიდა უბანზე, რომლებსაც არ ჰქონდათ პირადობის მოწმობის მეორე გვერდი, სადაც მათი მისამართია მითითებული. თუმცა, ორივე სიაში იყო. მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ, ბელა ხუბუტიამ მათ არ მისცა უფლება ხმა მიეცათ.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ადამიანი იყო სიაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ დაგვეშვა მანამ, სანამ არ მოიტანდნენ პირადობის მოწმობის მეორე გვერდს. რადგანაც ეს არის კანონდარღვევა“, – აღნიშნა ბელა ხუბუტიამ.
ასევე, „ალიანსი საქართველოსთვის“ პარტიის წარმომადგენელი ზაზა აფციაური შევნიშნე გარეთ იდგა და სანამ ამომრჩეველი შემოვიდოდა აგიტაციას ეწეოდა. სამი ადამიანი აპირებდა უბანზე შესვლას, როცა აფციაურმა ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა მათ, რომ ორიანი შემოეხაზათ. ხოლო როცა მიხვდა, რომ მე გავიგონე, რაც უთხრა, შემომიბრუნდა და მითხრა, ესენი ჩემი ბიძაშვილები არიანო.
საარჩევნო უბანი საღამოს 8 საათზე დაიხურა და წესისამებრ დაიწყო ხმების დათვლის პროცესი. ზაზა აფციაური კი კომისიის წევრებს ხელს უშლიდა მუშაობაში და თითქოს ხელოვნურად ქმნიდა აყალ–მაყალს. ყველა მთვლელში ეჭვი ეპარებოდა, ამიტომაც გამუდმებით სვამდა კითხვებს, რითიც კომისიის წევრები შეწუხდნენ და სთხოვეს დაეტოვებინა უბანი. რა თქმა უნდა, მათ არ ჰქონდათ უფლება დამკვირვებელი უბნიდან გაეგდოთ. მაგრამ ბოლოს, ზაზა აფციაურმა თავისი ნებით დატოვა უბანი.
ხმების დათვლისას არც ერთი დარღვევა არ შემინიშნავს. 26–საარჩევნო უბანზე მერობის კანდიდატებიდან 422 ხმით გავიდა გიორგი უგულავა, პროპორციული წესით არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 406 ხმით ლიდერობდა, ხოლო საუბნო მაჟორიტარულში გიორგი ნემსაძემ 458 ხმით გაუსწრო ყველა კანდიდატს.

Saturday, May 29, 2010

„საიამ“ წინასაარჩევნო დარღვევები აღმოაჩინა

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვები დაარღვიეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო კამპანიის მეორე შუალედური ანგარიში უკვე წარმოადგინა. ანგარიშში წარმოდგენილია დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა 23 აპრილიდან 22 მაისამდე. დარღვევებში ერთ–ერთ პუნქტად გამოყოფილია ამომრჩეველთათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემა, დაპირება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73–ე მუხლის, მე–9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა). შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა)“.

ამ დარღვევით წლევანდელი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების რამდენიმე კანდიდატი გამოვლინდა: „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი, ზაზა გაბუნია, „ეროვნული საბჭოს“ მერობის კანდიდატი ზვიად ძიძგური, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ზურაბ გაჩეჩილაძე, და ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ჩოჩხათში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი დალი კვერენჩხილაძე.

როგორც საქართველოს ახალგარზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ანგარიშში აღნიშნულ დარღვევებზე საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულია დამრღვევის კანდიდატურის საარჩევნო სიიდან მოხსნა. თუმცა, ეს ყველა დარღვევაზე არ მოქმედებს. გააჩნია დარღვევის სიმძიმეს.

„მას შემდეგ რაც მოხდება დარღვევა, ჩვენ როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციას გვაქვს უფლება, რომ სარჩელი შევიტანოთ სასამართლოში. თუ სასამართლო მხოლოდ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ კანონებს ცნობს დარღვეულად, მაშინ მოიხსნება დამრღვევის კანდიდატურა, მაგრამ სისხლის სამართლის კანონმდებლობაშიც არის მუხლი, რომელშიც აღნიშნულია ამომრჩევლის მოსყიდვა, და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არსებობს, მაშინ საგამოძიებო ორგანოები ჩაერთვება გამოძიებაში“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ხოლო რაც შეეხება იმ კანდიდატებიდან, რომელთა მიერაც მოხდა დარღვევა, გავესაუბრე „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატს, ზაზა გაბუნიას და „ეროვნული საბჭოს“ მერობის კანდიდატს ზვიად ძიძგურს.


„მე ვერ ამიკრძალავს ვერცერთი კანონმდებლობა იმას, რომ მოხუცი ქალბატონი, ომის ვეტერანი მოვინახულო და სიმბოლურად ყვავილები და ერთი ბოთლი ღვინო ვაჩუქო. ეს არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა! მე ასე არ ვფიქრობ. მე არც ვიცოდი თუ საარჩევნო კოდექსში ეგეთი შეზღუდვა იყო, მაგრამ რომ მცოდნოდა, მაინც დავასაჩუქრებდი მას“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ქალბატონი, ეკატერინე ღვინაძე მოინახულა და საჩუქრად ღვინო და ყვავილები გადასცა.

ხოლო რაც შეეხება ზაზა გაბუნიას, მან 6 მაისს მისი პარტიის ინიციატივით გამართული საფეხბურთო ტურნირის მონაწილეები მედლებით, სიგელებითა და ხატებით დაასაჩუქრა.

„ეს არის ტრადიციული ტურნირი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. მასში მონაწილეობა მიიღო 16 წლამდე ასაკის ბავშვებმა. ასე რომ, ტურნირში მონაწილეებიდან არცერთს არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება. შესაბამისად, ისინი ვერ გახდებობდენ ჩემი მოსყიდვის ობიექტები. მე მათ გადავეცი სიმბოლური საჩუქრები – მედლები და ხატები. მონაწილეები რომ ყოფილიყვნენ საარჩევნო ხმის მიცემის უფლების მქონენი, მაშინ მე ასე არ მოვიქცეოდი, რათა ვინმეს ჩემთან სადავო არ ჰქონოდა“, – ამბობს ზაზა გაბუნია.

თუმცა, კოდექსში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის არ შეიძლება ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. მოქალაქეებში კი 16 წლამდე ასაკის ბავშვებიც შედიან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ დარღვევებიდან რამდენიმე საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც გადაუგზავნა. მათ შორის, მხოლოდ ზაზა გაბუნიას და ზურაბ გაჩეჩილაძის დარღვევები აღმოჩნდა. „ცესკოში“ ეს საჩივრები 27 მაისს გადაიგზავნა. კომისიამ კი ისინი 28 მაისს განიხილა სხდომაზე. ორივე საჩივრის შესახებ გამოიტანეს შემდეგი გადაწყვეტილება: ზაზა გაბუნიას და ზურაბ გაჩეჩილაძეს გაეგზავნა წერილი, სადაც სთხოვენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და პასუხი მათზე შეტანილ საჩივართან დაკავშირებით.
ხოლო რაც შეეხება ზვიად ძიძიგურს, „საიას“ მის მიერ კანონის დარღვევის შესახებ საჩივარი „ცესკოში“ არ წარუდგენია, ამიტომ ამაზე რეაგირება საერთოდ არ მოხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან.