Thursday, February 25, 2010

ოჯახური ძალადობა საქართველოში

საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. თუმცა, ეს ქართული საზოგადოებისათვის ტაბუირებული თემაა. მენტალიტეტის გამო იშვიათად ხდება მისი გამჟღავნება. ოჯახური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმaა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. igi არის განმეორებადი, ხშირი სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა, რომელიც მოZალადის მიერ სხვაზე კონტროლსა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს.

საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლს ეხმარებიან, თუმცა, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავის პრობლემას ამხელს და კონსულტაციისათვის ამგვარ დაწესებულებას მიმართავს.


არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ”საფარი”, რომლის დირექტორი, ნატო ზაზაშვილი ამბობს, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლს უფასოდ ეხმარებიან საკუთარი თავის შეცნობაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემის გადაჭრაში.

”როცა ჩვენთან მოდის კლიენტი, მასთან ვატარებთ ინტერვიუს, რის შემდეგაც ვადგენთ ინდივიდუალურ გეგმას, იმაზე თუ რა სჭირდება კონკრეტულად ამ ადამიანს. მნიშნელოვანია ის, რომ ჩვენ ადამიანის გადაწყვეტილების მიღებაში არ ვერევით, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით დასვენებაში, განტვირთვაში და იმაში, რომ დაინახოს არჩევანის გაკეთებისას ალტერნატივები. ყველა ადამიანმა გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს”, - აღნიშნა ნატო ზაზაშვილმა.

ისინი ყველაფრით ეხმარებიან მსხვერპლს, ვინც იურიდიულ დახმარებას საჭიროებს, აგზავნიან შესაბამის დაწესებულებაში. ეს იმიტომ, რომ ბევრი მსხვერპლი ვერ ბედავს სასამართლოს მიმართოს, ან უბრალოდ არ იცის, რომ არსებობს კანონი, რომელიც მას მოძალადისგან დაიცავს.

ძალადობა უმეტესწილად ღარიბ ოჯახებში იჩენს თავს, რასაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანიაც უწყობს ხელს. მშობლების დავა და ერთმანეთის ფიზიკური შეურაცხყოფა ბავშვის ფსიქოლოგიაზეც აისახება. მას თავისი აგრესია დედმამიშვილზე, ცხოველზე ან თანატოლ მეგობარზე გადააქვს.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა შესახებ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ხშირ შემთხვევაში, ქალები და ბავშვები არიან, ხოლო მოძალადეები - მამაკაცები. თუმცა, როგორც ქალბატონი ნატო ამბობს, ოჯახური ძალადობის ობიექტი შეიძლება ხანდაზმული მშობელი ან მამაკაციც გახდეს:

”თითქმის ყველა მოძალადე მსხვერპლიც არის ამავედროს, და თითქმის ყველა მსხვერპლი მოძალადეა. ვთქვათ, მამაკაცი ძალადობს ცოლზე, ცოლი შემდეგ ბავშვზე იძალადებს, ბავშვი კიდევ უმცროს დედმამიშვილზე, ან თუ არ ჰყავს, ცხოველზე ან თანატოლზე.
მსხვერპლი მამაკაცები უფრო ხშირად მოხუცები არიან. არამოხუც მამაკაცებზე თუ ვილაპარაკებთ, სახეზე გვაქვს ფსიქოლოგიური ძალადობა ქალის მხრიდან, მაგალითად არიან ქალები, რომლებიც ქმრებს წაუძახებენ, რომ არაფრის მაქნისი არა ხარ და ა.შ.”


ფსიქოლოგი ლელა მურუსიძე ამბობს, რომ ძალადობამ შესაძლოა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გარდა, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც ავნოს:

”ფსიქოლოგიური აშლილობების გარდა, მსხვერპლს შესაძლოა სომატური დაავადებებიც დაემართოს. მაგალითად, კუჭის დაავადება, ასევე, კანის დაავადება, ნერვული აშლილობები და ძილის დარღვევა. ამას გარდა, მათ ეკარგებათ საკუთარი თავის თვითშეფასება. მათი მე-კონცეფცია არის უარყოფითი”.
მსხვერპლთა კონსულტაციაზე, ქალთა საკონსულტაციო ცენტრი - ”სახლიც” - მუშაობს, რომელიც უცხოურ გრანტებს იღებს. ცენტრის წარმომადგენელი ნანა ხოშტარია ამბობს, რომ ”სახლი” ძირითადად დევნილებს და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ძალადობის მსხვერპლს ეხმარება.
როგორც რეაბილიტაციის ცენტრ ”სახლში”, ასევე, საფარშიც წელიწადში დაახლოებით 200-დან 250-მდე ადამიანი რეკავს და მიდის დახმარების სათხოვნელად. რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა ქალია, თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მამაკაცებიც მიდიან.
”იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ოჯახი დანგრევის პირას იყო და კაცის ინიციატივით დაიწყეს პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. მან მოიყვანა თავისი ცოლი და ფსიქოლოგის დახმარებით ურთიერთობა დარეგულირდა”, - ამბობს ნანა ხოშტარია.

ძალადობის მსხვერპლს შეუძლია სახალხო დამცველსაც მიმართოს, ომბუცმენის აპარატში დაახლოებით ერთი თვეა, რაც შეიქმნა ქალთა და ბავშვთა უფლებების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ მათი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ქალთა უფლებების დაცვაა.

”როდესაც მოდის ხოლმე მსხვერპლი, ჩვენ ვუწევთ კონსულტაციას უფლებებზე, თუ მას სჭირდება თავშესაფარი, ვაგზავნით სარეაბილიტაციო ცენტრებში. ჩვენ ვზრუნავთ იმისათვის, რათა დაცული იყოს ქალთა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებები”, - აღნიშნა ანა არგანაშვილმა.

საქართველოში კანონი ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” 2006 წელს მიიღეს. ქართული კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილების მექანიზმებსაც ითვალისწინებს. თუმცა, ეს კანონი ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი.

No comments:

Post a Comment