ბოლო წლებში საქართველოში ეპილაციის გაკეთების მსურველთა რიცხვმა იმატა. ქართველი ქალბატონები და ხშირ შემთხვევებში მამაკაცებიც, ძირითადად ლაზერულ და ელექტრო ეპილაციას მიმართავენ. შესაბამისად, მომრავლდა კლინიკები და სალონები, სადაც ეპილაციის გაკეთებაა შესაძლებელი.
ლაზერული ეპილაციის ცენტრებში ფასები რამდენიმე წლის წინ გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ახლა, თუმცა ჭარბი თმის მოცილება დღესაც ძვირი სიამოვნებაა. ფასები ზოგ კლინიკაში ფიქსირებულია იმის მიხედვით, თუ სად იკეთებ ეპილაციას. ყველაზე იაფი ზედა ტუჩის არე ჯდება. მაგალითად, კლინიკა „ბოდილაინში“ ზედა ტუჩის გაკეთება 20 ლარი ღირს, მთლიანად ხელებზე თმის მოცილება კი 90 ლარი, მიუხედავად იმისა რამდენი იმპულსი დაგჭირდება.
სხვა კლინიკებში, მაგალითად, „კარაპს მედლაინში“ ეპილაციის ღირებულებას იმპულსების მიხედვით ანგარიშობენ. მაგალითად, მუცელზე ერთი იმპულსი 50 თეთრი ღირს. ერთი იმპულსი ლაზერის სხივი კი დაახლოებით ერთ სანტიმეტრის დიამეტრზე მოქმედებს.
საერთო ჯამში, ლაზერული ეპილაციის ცენტრებში დაახლოებით ერთი და იგივე ფასებია. მაგრამ ელექტრო ეპილაციის შემთხვევაში, ღირებულებას საათების რაოდენობის მიხედვით ანგარიშობენ, რადგანაც ელექტრო ეპილაციის გაკეთებას დიდი დრო სჭირდება. ფასები საათში 15-20 ლარამდე მერყეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცენტრებს, რომლებშიც ლაზერულ და ელექტრო ეპილაციას აკეთებენ ლიცენზია არ სჭირდება. უფრო მეტიც, ელექტრო ეპილაციის აპატრატის ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ბაზრობებსა და სხვა მაღაზიებში. აპარატურის გამოყენების წესს მომხმარებელს გამყიდველი ასწავლის.
22 წლის მაგდა წულაძე 8 თვეა ელექტრო ეპილაციით ცდილობს ჭარბთმიანობის პრობლემის დაძლევას. კოსმეტოლოგთან პირველი ვიზიტის შემდეგ, მაგდას ზედა ტუჩზე ყავისფერი ლაქები აქვს, რაც მაღალი დენის ზემოქმედების შედეგად გაუჩნდა. მაგდა ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ კოსმეტოლოგმა ეპილაცია სახლის პირობებში გაუკეთა, მას ხელთათმანები არ ეკეთა და კაბინეტში ჰიგიენური ნორმებიც დარღვეული იყო.
ექიმი კოსმეტოლოგი ლელა გაბუნია აღნიშნავს რომ, „ელექტრო ეპილაციის გაკეთების დროს არსებობს ინფექციის შეჭრის მაღალი რისკი, რადგანაც ირღვევა კანის ქსოვილი, თუმცა სპეციალისტს ერთჯერადი ელექტროდებისა და ხელთათმანების გამოყენებით შეუძლია შეამციროს დაინფიცირების რისკი. ასევე, ეპილაციის ჩატარების შემდეგ ნაწიბურების, ფოლიკულიტებისა და ჰიპერპიგმენტების წარმოქმნაცაა შესაძლებებლი. გართულებების თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა უნდა შეასრულოს კოსმეტოლოგის რეკომენდაციები“.
ენდოკრინოლოგი მაკა გეგეჭკორი აღნიშნავს რომ, ჭარბთმიანობა ერთი მხრივ ესთეთიკური, მეორე მხრივ კი სამედიცინო პრობლემაა: „ჭარბთმიანობას ქალის ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონების, ანდროგენების სიჭარბე იწვევს. ასევე, ჭარბთმიანობის ერთ–ერთ მი
ზეზად გენეტიკური კოდი ითვლება. საქართველოში ქალების საკმაოდ დიდ რაოდენობას ანდროგენების სიჭარბე ორგანიზმში სწორედ გენეტიკურად აქვს მიღებული“.
მაკა გეგეჭკორი იმასაც აღნიშნავს, რომ თუ ორგანიზმში მსგავსი დარღვევები შეინიშნება, ჭარბთმიანობის პრობლემის დასაძლევად ეპილაციის გაკეთება არაეფექტური იქნება:
„პაციენტი ჯერ ენდოკრინოლოგთან უნდა მივიდეს, გაესინჯოს, ნახოს რა პრობლემა აქვს, იმკურნალოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოს კოსმეტოლოგს ჭარბი თმის მოსაშორებლად. კოსმეტოლოგი როცა ხვდება, რომ პაციენტს ორიგანიზმში დარღვევები აქვს, უნდა ურჩიოს მას რომ ექიმთან წავიდეს და ამის შემდეგ მიაკითხოს ეპილაციის ცენტრებს. თუმცა ეს შესაძლოა კომერციული თვალსაზრისით არ აწყობთ“.
ნინო გათენაძე ელექტრო ეპილაციის შედეგებით უკმაყოფილოა და უკვე რამდენიმე თვეა ლაზერულ ეპილაციას იკეთებს. ნინო აღნიშნავს რომ, კომერციული თვალსაზრისით, კოსმეტოლოგი იმაზე მეტ იმპულსს აკეთებს, ვიდრე რეალურად საჭიროა. ეს იმით აიხსნება რომ, ისინი კლიენტისგან მაქსიმალური მოგების ნახვას ცდილობენ.
ელექტორ ეპილაციის უარყოფით მხარეებზე მაკა მესტუმრიშვილიც საუბრობს, რომელიც უკვე 4 წელია ეპილაციას იკეთებს. მაკა აღნიშნავს რომ დენის კანში მოხვედრის შედეგად ნახვრეტები დარჩა, რაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც კი არ გაუქრა: „შედეგი რა თქმა უნდა მქონდა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კოსმეტოლოგთან ვიზიტი მხოლოდ 3–4 თვეში ერთხელ მჭირდებოდა. თუმცა უარყოფითი შედეგიც შესამჩნევი იყო და ამიტომაც გადავწყვიტე ლაზერული ეპილაციისთვის მიმემართა“.
ლალი თოთლაძე კი, რომელმაც უკვე მეორედ გაიკეთა ელექტრო ეპილაცია შედეგი აქვს: „ვფიქრობ, ლაზერული ეპილაცია, ნაკლებად ეფექტურია, თანაც ჯანმრთელობისთვის არასასურველი. უპირატესობას ელექტრო ეპილაციას ვანიჭებ. მართალია, მტკივნეულია, მაგ
რამ ბევრად ეფექტური, მე ეს მეორედ მაქვს გაკეთებული და კმაყოფილი ვარ“.
ექიმი დერმატოლოგი, ქეთი ბერიანიძე აღნიშნავს, რომ „სწორად შერჩეული ლაზერის იმპულსები და კვალიფიციურად ჩატარებული ელექტრო ეპილაცია კანზე პრობლემებს არ იწვევს.მთავარია, პაციენტმა სამკურნალო დაწესებულება სწორად შეარჩიოს. კოსმეტოლოგი უნდა იყოს პროფესიონალი და გამოცდილი. უნდა იცავდეს უსაფრთხოების წესებს. ელექტრო ეპილაციის შემთხვევაში, უნდა ხდებოდეს ნემსების გამოცვლა და სტერილიზაცია“.
ლაზერული თერაპევტი, თეა მილორავა, ამბობს რომ „ნემსით გაკეთებული ეპილაცია ეფექტურია, თუმცა ამ გვარი ეპილაცია უფრო მტკივნეულია და ბევრ დროს მოითხოვს ლაზერულ ეპილაციასთან შედარებით. ლაზერული ეპილაციის დროს კანი არ უნდა იყოს გარუჯული, რადგან ლაზერმა დაინახოს თმის ფერსა და კანის ფერს შორის განსხვავება. ასევე, ღია ფერის თმას ვერ ხედავს ლაზერი, ამ შემთხევვეაში პაციენტებს ვურჩევთ ელექტრო ეპილაცია გაიკეთონ“.
შევეცადეთ გაგკვერკვია თუ რა მდგომარეობა იყო ლაზერული ეპილაციის ცენტრებში, თუ რამდენად იცავდენენ ისინი უსაფრთხოების წესებს, თუმცა, მხოლოდ კლინიკა „ბოდილაინს“ დავუკავშირდით, რომლის პრესსამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ ლაზერული ეპილაციის აპარატები ამერიკიდან ჩამოაქვთ, რომლებიც წყალზე მუშაობს. როგორც მან აღნიშნა წყლის ორთქლზე მომუშავე აპარატები ყველაზე უსაფრთხოა.
დავინტერესდით სხვა წამყვანი კლინიკების მდგომარეობითაც, თუმცა, „მედისა“ და „გია გვარამიას კლინიკის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებმა ბევრჯერ მცდელობის მიუხედავად არ მოგვცა საშუალება მათ ექიმ–კოსმეტოლოგებს გავსაუბრებოდით და გაგვერკვია, თუ რამდენად პროფესიონალურად აკეთერბენ ისინი ეპილაციას და აფრთხილებენ თუ არა პაციენტებს შესაძლო გართულებების და ეფექტურობის შესახებ.
თამთა ჯიჯავაძე
ნინო ხოზრევანიძე