Monday, November 30, 2009

სტუმრად პურის მეოთხე ქარხანაში

რამდენიმე დღის წინ პურის მეოთხე ქარხანაში ვიყავი ფოტოების გადასაღებად... ძალიან იoლად დამთანხმდნენ უფროსებიც და მცხობელებიც გადაღებაზე, რაც ძალიან გამიკვირდა..
პურის მეოთხე ქარხანაში ყოველდღე ცხობას საღამოს 6 საათზე იწყებენ და დილით ასრულებენ. ისინი ყოველდღე დაახლოებით 4000 ცალ პურს აცხობენ. შემდეგ ზოგს ჭრიან და ფუთავენ და ზოგს კი ჩვეულებრივ აბარებენ..მე დაახლოებით საღამოს ცხრაზე მივედი და მთელი სამი საათი მათთან ერთად დავყავი. მინდა გითხრათ, ეს პერიოდი ძალიან საინტერესოდ გავატარე :) გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს...

























Monday, November 2, 2009

რა ვერ შეასრულა დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა?!


სამხრეთ ოსეთიდან დევნილებისთვის სახლები და მიწის ნაკვეთები საკუთრებაში ჯერ არ გადაუციათ. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ვეღარ სარგებლობენ და უმუშევრობასაც უჩივიან.
2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომისშედეგად იძულებით გადაადგილებულია დაახლოებით 26 000 ადამიანი.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის #124 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის #34 დადგენილების შესაბამისი მუხლების თანახმად კი შექმნილია დევნილთა საკითხების დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფასა და დაკანონებას, სრულწლოვან და არასრულწლოვან დევნილთათვის სტატუსის მინიჭებას, შემწეობის თანხების და ზოგადად, სოციალური დახმარებების გაცემას, დროებით საცხოვრებელ მისამართზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილთა ადგილზე დარეგისტრირების მიზნით კომისიის გამოყოფას, დევნილთა სოციალური პირობების შემოწმებასა და მათთვის სარეაბილიტაციო სამუშოების ჩატარებას.
ჯერჯერობით ყველა ეს საკითხი არაა მოგვარებული.
როცა 2008 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთიდან დევნილები მათთვის აშენებულ სახლებში შეასახლეს, დაჰპირდნენ, რომ სახლები და მიწის ნაკვეთები მათ მალე საკუთრებაში გადაეცემოდათ. მას შემდეგ ლამის ერთი წელი გავიდა და ეს დაპირება დაპირებად რჩება.
ეს ჩვენი სახლი არაა, თავს აქ კარგად ვერ ვგრძნობთო, ამბობენ ლიახვის ხეობელები. სამოთახიანი სახლები და მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა მიწის ნაკვეთები საკმარისი არ აღმოჩნდა ზოგიერთისთვის. იქ იმხელა სახლები და მიწები დავტოვეთ, ეს რა არისო, ჩიოდა 72 წლის მოხუცი ქალბატონი. თან თუ ის შენი საკუთრება არაა, უფრო გიჭირს მისი შენად გათავისება.
ამ საკითხის გარკვევა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ვცადეთ. ორი კვირის მანძილზე ვერც მინისტრ კობა სუბელიანსა და ვერც მის მოადგილეებს ვერ დავუკავშირდი.
დევნილები სხვადასხვა ადგილებზე დაასახლეს: წეროვანი, კოდა, შავშვები, მეტეხი და ა.შ. ისინი შუქის, გაზის და ყველა კომუნალური გადასახდისაგან თავისუფალნი არიან. ამ ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. მაგრამ ისინი შეშინებულები არიან, ვაითუ მალე ჩვენ მოგვიხდეს მათი დაფარვაო.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ამოცანებში ისიც არის მითითებული, რომ სანამ დევნილებს გაუჩნდებათ შემოსავალი, მანამდე ისინი უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ საკვებითა და ფულადი დახმარებით, ჰიგიენური საშუალებებით. გადასახადებზე არაფერია ნათქვამი. ამის გამო წეროვანში მცხოვრები დევნილები ძალიან წუხან:


„შემოგვასახლეს აქ და რა უნდა გააკეთო? სამუშაო არაა და არაფერი. კიდევ კარგი, აქამდე მაინც არ გვქონდა შუქის და გაზის გადასახადი, თორე რა უნდა გვექნა? ახლა კიდევ ამბობენ იანვრიდან თქვენ უნდა გადაიხადოთო, ნეტა ის არ აინტერესებთ როგორ მოვახერხებთ ამას? სამუშაო ადგილები მაინც შექმნან, რომ პურის ფული გვქონდეს“, – ამბობდა სოფელი კეხვიდან დევნილი მაგული ხუროშვილი.
ყოველთვიურად ოჯახის თითოეული სული 24 ლარის ოდენობის დახმარებას იღებს, ამას გარდა მათთვის მიაქვთ საკვები: მაკარონი, შაქარი, ფქვილი, მარილი, ლობიო და ა.შ. თუმცა, მათ დამატებითაც უწევთ საკვების ყიდვა.
„პატარა შვილები მყავს, ყოველდღე მაკარონი და ლობიო ხომ არ შეიძლება აჭამო. მოზარდები არიან, რძის ნაწარმი, წვნიანი, ხორციანი საჭმელი სჭირდებათ. მაგრამ აბა არ გაინტერესებთ რამდენი ხანია უჭამიათ ასეთი საჭმელი? ჩვენ იმას კი არ ვითხოვთ სულ გვარჩინოს მთავრობამო, უბრალოდ სამუშაო ადგილების შექმნა არის აუცილებელი, სამსახური რომ ჰქონდეს ჩემს მეუღლეს, ასე კი არ დავიჩივლებდი“, – აღნიშნა წეროვანში მცხოვრებმა წვრილშვილიანმა დედამ.
სამუშაო ადგილები მართლაც არ აქვთ საკმარისი. წეროვანში შოკოლადის და ქაღალდის ქარხანა გაუხსნიათ. რა თქმა უნდა, დევნილებიც დაასაქმეს, მაგრამ ამ ადამიანთა რაოდენობა დაახლოებით 50ია. ასევე, ერთი კვირის წინ იქ პურ-ფუნთუშეულის საცხობი, მეფრინველეობის ფერმა, მოსაპირკეთებელი ფილების მიკროსაწარმოც გაიხსნა. ეს პროექტები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა. ახლადგახსნილ საწარმოებშიც მხოლოდ 50 იძულებით გადაადგილებული პირი დასაქმდა. დასაქმებულთა ეს რიცხვი ძალიან ცოტაა, რადგანაც წეროვანში 2500-მდე ოჯახი ცხოვრობს.
ერთი საინტერესო ფაქტიც შეინიშნება. წეროვანში ჩასახლებულია ახალგორის რაიონიდან და ლიახვისა და ფრონეს ხეობიდან დევნილი მოსახლება. ახალგორელების სახლები გადარჩა აგვისტოს ომის დროს, ამ რაიონში ჩასვლა არ წარმოადგენს პრობლემას, იქაური მოსახლეობა შაბათ-კვირაობით ჩადის ხოლმე მშობლიურ სახლში. ისინი იქ ბოსტნეულს თესავენ მოაქვთ ხილი და ა.შ. ზოგი არც უშინდება იქ ცხოვრებას, ძირითადად მოხუცებმა დაკეტეს მათთვის განკუთვნილი ახალაშენებული სახლები და ახალგორში წავიდნენ. ზოგს კიდევ შიში აქვს მაინც. ეშინიათ ისევ არ დაიძაბოს მდგომარეობა, ამიტომაც წეროვანში დარჩენას ამჯობინებენ.
ლიახვისა და ფრონეს ხეობიდან დევნილების სახლები სულ გადამწვარი და განადგურებულია და მათ ცხინვალის რაიონშიც არავინ უშვებს.
სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირების რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა. ჯერ ყველას არ აქვს ლტოლვილის სტატუსი და შესაბამისი მოწმობაც.
„დევნილის მოწმობა გვაქვს, მაგრამ ჩემი შვილი ერთი კვირის წინ თბილისში იყო და მეტროში უფასოდ არ ჩაუშვეს. ადრე კი უფასოდ დავდიოდით. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, არც ის ვიცი გვექნება თუ არა მომავალში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლება“, - ჩიოდა სოფელ ქურთიდან დევნილი ლილი ჯავახიშვილი.
ეს ფაქტი კიდევ ბევრმა ახსენა.
მართლაც პირველი აგვისტოდან იძულებით გადაადგილებული პირები თბილისის მეტროში ჩვეულებრივ, 40 თეთრს იხდიან. მანამდე მათ უფასოდ მგზავრობის საშუალება თბილისის მეტროპოლიტენის ინიცატივით ჰქონდათ.
დევნილთა ტრანსპორტით უფასოდ უზრუნველყოფა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის კომპეტენციაში არ შედიოდა. ამიტომ ამაზე პასუხი მათ არც ექნებათ. მაგრამ დევნილებისათვის საკუთრების დაკანონება ერთ–ერთ ჯერ არშესრულებულ საკითხს წარმოადგენს. როგორც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის #403 განკარგულებაში – „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009–2010 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ წერია მიმდინარეობს დევნილთა საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის პროცესი.
http://mra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=3